რკინის სახაზავმა ჰაერი წუილით გაკვეთა და მისი სიგრძე წითელ ზოლად გამოისახა გოგონას ბარძაყზე. საბავშვო ბაღის საძინებელი ოთახი სამარისებურად დადუმდა... რასაც ყოველ დილით საბავშვო ბაღში წასვლისას განვიცდიდი, ალბათ, ძალიან ჰგავდა კოლექტივში ძალად შეთრეული გლეხის განცდას ან კიდევ იმ თბილისელი მოქალაქის დუმილს, თალხიან ქალაქში წითლების შემოსვლა რომ ამცნეს... და დუმდნენ ბავშვები...
...თაკარა მზის ქვეშ სოფლის შარაზე პატარა ბიჭი ველოსიპედს მიაქროლებდა აეროდრომისკენ. აუცილებლად უნდა ენახა მფრინავი, რომელიც მის თავში დიდი ხნის წინ გაჩენილ ერთ მტანჯველ კითხვას პასუხს გასცემდა. მხსნელი თუ დამღუპველი ადგილზე დაუხვდა. ქოშინით მიესალმა და პირდაპირ საქმეზე გადავიდა, თითქოს კაცი სადმე გაასწრებდა. ,,ნუთუ შეუძლებელია, თქვენსავით მეც გავხდე მფრინავი?" - აჯახა ბიჭმა თავისი საწუხარი. ,,რატომაც არა?!" ღიმილითა და თავზარდამცემი მოულოდნელობით მყისვე დაუბრუნა პასუხი ძია კაცმა. ,,მე კი მიმტკიცებენ, რომ ვერ შევძლებ"- პასუხის გადამოწმება მაინც მოისურვა აღტაცებისაგან გამშრალმა ბიჭმა. ,,სწავლა, სწავლა და სწავლა" ლენინისეული შეგონებით განამტკიცა თავისი პასუხის სისწორე მფრინავმა. ბიჭს სიხარულისაგან თავბრუ დაეხვა, შემოახტა ველოსიპედს და დაბნეულმა შუა გზიდან მიაძახა მადლობა და ნახვამდის მისი საქციელით არანაკლებ დაბნეულსა და გაოცებულ ძიას.
ველოსიპედის ბორბლები ბიჭის ფრთაშესხმულ ოცნებასავით მიფრინავდნენ. ეზოში შევარდა, გაჩერებისას ტრანსპორტი გადაუყირავდა, მუხლი იტკინა, თუმცა ტკივილს ვეღარ გრძნობდა. ოთახში შეიჭრა და დედ-მამის წინ მტკიცედ აისვეტა. მამაკაცმა გაზეთი გვერდზე გასწია და სათვალის ზემოდან გადმოხედა. ქალმა წითელი კალამი გადაშლილ რვეულზე დადო და ბიჭს ახედ-დახედა. ,,მშვიდობაა?" - იკითხა კაცმა. პასუხს ქალიც წარბებაწკეპილი ელოდა. ,,მე გავფრინდები, აი, თქვენ კი, მატყუარები ხართ!"
...იმ დღეს ბაღში მამას უნდა წავეყვანე რომ წარმოვიდგენდი, როგორ დამტოვებდა ოთახის ზღურბლთან და სამსახურში გაიქცეოდა, სისხლძარღვებში ჭიანჭველები იწყებდნენ ცოცვას... იქ დამხვდებოდა ჯარისკაცებივით ჩამწკრივებული სკამები და მათზე უწესრიგოდ მოწრიალე ახალგამოფხიზლებული ბავშვები. დედის უბიდან გამოყოლილი სითბო ზღურბლზევე შემომეცლებოდა ხოლმე და მექანიკურად ვუერთდებოდი თანატოლების ერთობას...
...მოპირდაპირე კორპუსს რომ მივადექით, საიდანღაც ჩასაფრებული მონადირესავით გადმოხტა შუახნის კაცი, მფრინავის ფორმაში გამოწყობილ მამას წინ გამოეჭიმა და კისრისძარღვებდაბერილმა მთელი მონდომებით შესძახა: ,,ესტ ტავარიშ კაპიტან!" შევატყვე, რომ მოულოდნელობისაგან მამაც კი შეცბა. ჩქარა გაეცალა და ჩუმად ჩაილაპარაკა: გიჟებს რა გამოლევსო. ალბათ, იგულისხმა - ამ ქვეყანაშიო.
ბაღში იმ დღესაც დაკეტილი დამხვდა კარადების ვიტრინები. შუშებს მიღმა მწყობრად ელაგა ფერად-ფერადი სათამაშოები და ფართოდ თვალგახელილი, მზერაგაშტერებული თოჯინები. ბევრჯერ წარმოვიდგენდი, როგორ შეიძლებოდა მეთამაშა მათთან ერთად, მაგრამ ჩვენ, პატარა გოგონები ცხრა მთას იქით უკვდავების წყაროს უფრო ადვილად მივუახლოვდებოდით, ვიდრე იმ ,,ბროლის კოშკში" გამოკეტილ თოჯინებს. რომ გავიზარდე, მერეღა დავასკვენი: ალბათ, აღმზრდელებს არეული სათამაშოების თაროებზე ხელახლა მწყობრში დალაგება ეზარებოდათ...
...დრო გადიოდა, ბიჭიც იზრდებოდა. უფროსებს ეგონათ, ღრუბლებში ფრენაზე ოცნება მხოლოდ მეხუთეკლასელის აკვიატება იყო, მაგრამ რა იცოდნენ, რომ წლების მატებასთან ერთად ფრთაფარფატა ნატვრა სერიოზულ ჩანაფიქრად იქცეოდა! მოახლოვდა ის დროც, როცა ცხოვრებაში პირველი მნიშვნელოვანი არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ერთ-ერთ დიდ ოჯახურ შეკრებაზე საღამო ხანს წამიერი სიჩუმე რომ ჩამოვარდა, ბიჭმა დემონსტრაციულად ამოთქვა: ,,მფრინავი გამოვალ!" ეს სპეციალობა იმხანად მხოლოდ რუსეთში ისწავლებოდა.
ბიძამ ბიჭს ირონიული ღიმილით გადახედა და მოკლედ ჰკითხა: ,,რუსული?"
,,ვიცი!" თავდაჯერებით მოუჭრა ბიჭმა. ძიას ჩაეცინა და ისევ ირონიულად შეუბრუნა კითხვა: ,,იდი სუდა -- პრიდუ, რუსული გგონია?" იქ მყოფი უფროსები თავის ქნევასა და ქირქილს მოჰყვნენ. ბიჭმა ამჯერად ფარ-ხმალი დაყარა. კამათის გაგრძელებას აქ და ახლა აზრი აღარ ჰქონდა. და, აი, გადაუწყვიტეს, რომ დედაქალაქში გაემგზავრებოდა და ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ფაკულტეტზე განაგრძობდა სწავლას. ასეც მოხდა.
გავიდა ერთი წელი. თითქოს, ცხოვრებაც თავის ჩვეულ კალაპოტს მიუყვებოდა.
ერთ დღესაც დედაქალაქში საფრენოსნო სასწავლებლის მიმღები საგამოცდო კომისია ჩამოვიდა. ბიჭს ეს ამბავი არ გამოჰპარვია...
იმ ზაფხულს სოფელში დედას აცნობეს, რომ მომავალ სასწავლო წელს შვილი რუსეთის საავიაციო სასწავლებელში გაემგზავრებოდა...ღმერთს ებარებოდესო, -- ჩაიჩურჩულა ცრემლმორეულმა დედამ.
...ბაღიდან დაბრუნებულს ძალიან მიყვარდა მასწავლებლობანას თამაში. მოწიწებით ავიღებდი დედის დიდ ჩანთას, ამოვაწყობდი კალმებს ავიღებდი სუფთა რვეულს და შევუდგებოდი მოსწავლეებისთვის ასოების გამოწერას. გამორჩეული რიდით ვეპყრობოდი წითელ კალამს. ჩემი წარმოდგენით, ამ ,,საუცხოო" ფერით მხოლოდ განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი რამ უნდა დამეწერა, ისეთი, რაც უცხო თვალისთვის წასაკითხად იქნებოდა განკუთვნილი. შინაურებისა და გასართობი ჯღაბნა-ხატვისათვის ლურჯი ან შავი ფერიც ივარგებდა. აი, წითელ კალამს კი ასეთ წვრილმან საქმეზე ვერ მოვაცდენდი. წლების შემდეგ სამუდამოდ ჩამრჩა მეხსიერებაში უნივერსიტეტში სწავლისას ბრიტანელი ლექტორის ერთი მარტივი განმარტება: საქმე ის იყო, რომ სულ მიკვირდა, ეს ხნიერი ქალბატონი სტუდენტების ნაწერების შესასწორებლად წითელი კალმის ნაცვლად მუდმივად უბრალო შავ ფანქარს რატომ იყენებდა. მან ამიხსნა, რომ წითელი ფერით შესწორებული ნაწერი უარყოფითად აღიქმება მოსწავლისა თუ სტუდენტის მიერ, მით უფრო, თუ გვერდი აჭრელებულია შესწორებებით. აუცილებლად უნდა დავინდოთ ახალგაზრდების სათუთი ფსიქიკა, განმიმარტა მისის ბრაუნმა. თავაზიანი ღიმილით ნათქვამი მისი ეს სიტყვები მთელი ცხოვრება მემახსოვრება.
...ღრუბლებიდან ვეშვებოდით. რაც უფრო ვუახლოვდებოდით დედამიწას, თვითმფრინავი სათამაშო ჩიტიდან მით უფრო სწრაფად გარდაისახებოდა გოლიათად. სიზმარი ხუნდებოდა და ქვიშასავით იფანტებოდა -- ხელშესახებ სამყაროს ვუბრუნდებოდით. გარბოდნენ გზები, სახლები, ხეები, ლამპიონები, ახლა უკვე ასაფრენ-დასაფრენი ბილიკიც გარბოდა. გულმა ათვლა დაიწყო-- ბაგ-ბუგ,ბაგ-ბუგ, ერთი- ორი, ერთი - ორი, გარბოდა ბილიკიც, მაგრამ თვალს არ უნდა მიჰფარებოდა, თორემ...ერთი-ორი, ერთი-ორი... ისევ მოცოცავენ ჭიანჭველები გულში, ყელში, ტვინში... სად იყო ზღვარი, დანიშნულების წერტილი? ალბათ, იქ, სადაც ლამპიონები ქრებოდნენ...ბორბლები მიწას შეეხო, მერე ჯანჯღარი და... წამოვხტი... ოთახში ბნელოდა. მხოლოდ ჭერზე დაცოცავდა ქუჩიდან არეკლილი მანქანის ფარების სინათლე. გული ისევ მიცემდა. აივანზე გავვარდი და ჰაერი ხარბად ჩავისუნთქე. ჩემ წინ სიბნელეში სასაფლაოს ნაძვნარი კუპრის უდაბნოდ გაწოლილიყო. კაშკაშა სინათლე მხოლოდ შორს, ჰორიზონტზე მოჩანდა - ეს აეროპორტის ლამპიონთა მწკრივები იყო... სამზარეულოდან ფაჩუნი მომესმა. სასწრაფოდ ისევ ჩავწექი ლოგინში. დედას რომ ფხიზლად ვენახე, ალბათ, გამიბრაზდებოდა - დილით სკოლაში უნდა წავსულიყავი. მივხვდი, რატომ ეღვიძა დედას - მამა ჯერ არ დაბრუნებულიყო -- როცა აფხაზეთში მიფრინავდა, არც არავინ იცოდა, როდის დაბრუნდებოდა... რამდენიმე დღის წინ თვითმფრინავი ჩამოუგდიათ...ჰაერი სისხლის სუნით იყო გაჟღენთილი... პერანგიანი დედა ჩემს ოთახში ფეხაკრეფით შემოვიდა. ხელში მოლიცლიცე პარაფინის სანთელი ეკავა. დენი ჯერაც არ მოსულიყო... ისიც აივანზე გავიდა. თავი მძინარედ მოვაჩვენე. ის ბნელი ღამე თეთრად გაიწელა...
...სასწავლებელი გასამხედროებული დაწესებულება იყო. სტუდენტებს მკაცრი რეჟიმით აცხოვრებდნენ. ბიჭი გულმოდგინედ შეუდგა სწავლას, თუმცა სახელმძღვანელოები ტექნიკური ტერმინებით გადაძეძგილი დაუხვდა. თურმე ეგონა, რუსული იცოდა. მის წინაშე ორი გზა ისახებოდა: ერთით უკან, შინ უნდა დაბრუნებულიყო, მეორით კი წინ უნდა ევლო და ეკლები ეკაფა. პირველი ფართო შარა იყო და მწველ სირცხვილამდე მიჰყავდა. მეორე -- ვიწრო და ოღრო-ჩოღრო, რომელსაც ბოლო ჯერ არ უჩანდა. ბიჭი ბუნებით ამაყი და ჯიუტი იყო. იოლად არ გატყდებოდა და სიტყვას უკან არ წაიღებდა. კარგად უწყოდა, რომ გვერდით მყოფებზე ორჯერ კი არა, ათჯერ მეტიც უნდა ეკეთებინა, რომ მიზნისთვის მიეღწია. როცა სასწავლებელი გრძელი ღამისთვის ემზადებოდა, ბიჭს მაშინ ეწყებოდა მეორე თავგადასავალი. მოხვევდა ხოლმე ხელს წიგნების დასტას და ფეხაკრეფით შევიდოდა სამეცადინო დარბაზში, სადაც ბევრჯერ თავზეც დასთენებია.
გათენდა იმ დღის დილაც, როცა მთელი თავისი სიმწრით ნაკადი სამზეოზე -- გამო ცდაზე უნდა გამოეტანა. ლექტორი ახალგაზრდა, კოხტა, თუმცა მკაცრი გამომეტყველების მქონე ქალბატონი იყო. შეუდგა სტუდენტების სიის მიხედვით გამოძახებას. ბიჭს საკმაო ხანს მოუწევდა ლოდინი, ეს ტანჯვას კიდევ უფრო უმატებდა. ცდილობდა, გულში გაემეორებინა საკითხები, მაგრამ თავზარი ეცემოდა როდესაც გონების თვალი სრულ წყვდიადს აწყდებოდა და რაც უფრო ახლოვდებოდა მისი ჯერი, მით უფრო კუნაპეტი სიბნელით იმოსებოდა მისი ტვინის ხვეულები. და გამოიძახეს... აიღო ბილეთი და მოსაფიქრებელი დროც მისცეს. გახშირებული ტექსტის სიტყვები ერთმენეთის მიყოლებით მარგალიტებად ჩაემარცვლა გონებაში. დიდხანს არ უფიქრია. თამამად წარსდგა გამომცდელად წინაშე და სათქმელი პაუზის გარეშე ჩაარაკრაკა. ქალბატონ ლექტორს ჯერ არ შეუხედავს, შემდეგ კი ნელა მიუტრიალდა და მსხვილჩარჩოიანი სათვალიდან გადახედა კავკასიელ სტუდენტს. ,,ნუ ჩტო, ზუბრიშ, გრუზინ?" ტყვიის ზუზუნივით მოხვდა ბიჭის სმენას ლექტორის ცინიზმი. თითქოს მდუღარე გადაასხესო --ადგილზე გაშეშდა. შემდეგ აღარ ახსოვს რა მოხდა. ერთადერთი, რაც მკაფიოდ ჩარჩა მეხსიერებაში, იყო მატრიკულიდან მომზირალი კაშკაშა წითელი ორიანი. იმ დღეს დასრულდა მისი სასწავლო გამოცდილების ერთი დიდი თავი.
მწვანეკალმოსანი
No comments:
Post a Comment